სამოქალაქო აქტივიზმის საზაფხულო სკოლა

04 აგვ/2014

3535

“ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“ (ANI) პროექტის ფარგლებში, 2014 წლის 6-20 ივლისის ჩათვლით სამოქალაქო აქტივიზმის ახალგაზრდული ქსელის საზაფხულო სკოლა (ANI Youth Civic Activism network Summer School) მოეწყო. 

სკოლა 2 ნაკადად ჩატარდა და მასში მონაწილეობას პროექტის 200 წევრი 13 ქალაქიდან (ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი, ქუთაისი, გორი, თელავი, დმანისი, მარნეული, გარდაბანი, ახალციხე, ნინოწმინდა, ახალქალაქი და თბილისი) იღებდა მონაწილეობას. 

საზაფხულო სკოლა რამდენიმე კომპონენტისგან შედგებოდა. პირველი კომპონენტი ძირითადად ორიენტირებული იყო ისეთი აუცილებელი უნარების განვითარებაზე, როგორიცაა ეფექტური კომუნიკაცია, ჯგუფის მუშაობის მართვა, პრეზენტაციის ტექნიკა და ღონისძიებების მართვა. ყველა ეს ტრენინგი ჩატარდა ისე, რომ მონაწილეებს შეეძლებათ იგივე ტრენინგების ჩატარება თანატოლებისათვის. სკოლის პირველ კომპონენტს უძღვებოდნენ ორგანიზაცია „პარტნიორები - საქართველოს“ ტრენერები: თეა ბულია, თეა გველესიანი, ნათია გოფოძე და მაია ციკოლია. 

სკოლის მეორე კომპონენტი მოიცავდა თემატურ კურსებს. თემატური კურსების მიზანი იყო ახალგაზრდების ისეთი უნარებით და კომპეტენციებით აღჭურვა, რომელიც მათ დაეხმარებათ როგორც პროექტის ეფექტურად განხორციელებაში, ისე პროფესიულ ზრდასა დ კარიერის დაგეგმვაში. 

თემატური კურსი გაეროს მოდელირება. კურსის ხელმძღვანელი: დავით გუმბერიძე. გაეროს მოდელირება აკადემიური როლური კონფერენციაა, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სხვადასხვა ორგანოს სიმულირებას წარმოადგენს. მოდელირების პროცესში მონაწილეები ხდებიან დიპლომატები, წარადგენენ და იცავენ საკუთარი ქვეყნების პოზიციებს, მართავენ დებატებსა და მოლაპარაკებებს, და მოკავშირეებთან ერთად წარადგენენ რეზოლუციას, როგორც მთელი კონფერენციის საბოლოო შედეგს. ამ დიპლომატიური თამაშის უმთავრესი მიზანია დემოკრატიული ღირებულებების დანერგვა და გავრცელება, კომუნიკაციური და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება, საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მსოფლიო მნიშვნელობის პოლიტიკური საკითხების გაცნობა. საზაფხულო სკოლის მონაწილეები თემატურ კლასში შეძენილ ცოდნასა და უნარებს ახალგაზრდულ ცენტრებში გაეროს მოდელირების ციკლების ორგანიზებისას გამოიყენებენ. 

თემატური კურსი - „სოციალური მედია და ბლოგონგი“. კურსის ხელმძღვანელი: დოდი ხარხელი. თემატური კურსი მიზნად ისახავდა ჯგუფის მონაწილეებისათვის სოციალური მედიის (სოციალური ქსელები, ბლოგინგი) შესახებ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებას. კურსის გავლის შედეგად, მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა სოციალური მედიის საშუალებით ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების ხერხების შესახებ. ასევე, მონაწილეებს განუვითარდათ პრაქტიკული უნარ-ჩვევები ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში სოციალური მედიის უფასო ინსტრუმენტების ეფექტურად გამოსაყენებლად. 

თემატური კურსი „ფოტოხელოვნება, ბრენდინგი და გრაფიკული დიზაინი“. კურსის ხელმძღვანელი: გურამ მურადოვი. თემატური კურსი მოიცავდა ფოტოხელოვნების ძირითადი პრინციპების შესწავლას, მათ შორის ფოტოხელოვნების ისტორიას, ფოტოგრაფიის ჟანრებს, ანოტაციას და სტუდიურ გადაღებას. თემატური კურსის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკულ ცოდნა საბაზისო დონეზე სხვადასხვა გრაფიკული ‘რედაქტორების’ (კომპიუტერული პროგრამები გრაფიკული დიზაინისთვის) გამოყენების შესახებ. გარდა ამისა, მონაწილეებს მიეცათ ბრენდინგის მიმართულებებსა და ამ მიმართულებით პრეზენტაციისთვის საჭირო უნარების განვითარების შესაძლებლობა. 

თემატური კურსი გენდერული თანასწორობა და ოჯახური ძალადობა. კურსის ხელმძღვანელი: იდა ბახტურიძე. თემატური კურსის ფარგლებში, ბავშვები გაეცნენ გენდერულ თანასწორობასა და ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებს. ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ფემინიზმის არსის, ისტორიის და მისი ქართული კონტექსტების, გენდერის, სქესის, გენდერული სტერეოტიპების და არსებული საკანონმდებლო ბაზის შესახებ; ასევე, ინფორმაცია იმაზე, თუ რა არის გენდერული ძალადობა ან ოჯახში ძალადობის ფენომენი; ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის არსებული დაცვის მექანიზმები; შრომის გენდერული ასპექტები და ფემინისტური აქტივიზმი საქართველოში.

საზაფხულო სკოლის ბოლოს ყველა თემატურმა ჯგუფმა შემაჯამებელი პრეზენტაცია გააკეთა, სადაც წარმოჩინდა, თუ რისი სწავლა და რა უნარების განვითარება შეძლეს მონაწილეებმა 1 კვირის განმავლობაში. 

გარდა თემატური ჯგუფებისა, მე-2 ნაკადის მონაწილეებმა გაიარეს პროფესიული ორიენტაცია აშშ-ში უმაღლესი განათლების მიღების პერსპექტივებზე. „უმაღლესი განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში“ პროფესიულ ორიენტაციას უძღვებოდა დალი ხომერიკი, „განათლება აშშ-ში“ წარმომადგენელი საქართველოში. ორიენტაციის შედეგად, მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა აშშ-ში სწავლების პერსპექტივებზე და იმ აუცილებელ ნაბიჯებზე, რომლებიც ამერიკაში სწავლის გასაგრძელებლადაა აუცილებელი. ორიენტაციის განმავლობაში განხილულ იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა ცხოვრება აშშ-ში, კოლეჯის შერჩევა, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღების კრიტერიუმები და სხვა სწავლებასთან დაკავშირებული საკითხები. 

გარდა უნარების განვითარებისა, სკოლის მიზანი იყო ახალგაზრდებში არსებული სტერეოტიპების მსხვრევის ხელშეწყობა, ტოლერანტობის და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრება სხვადასხვა ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს შორის, ადამიანის ძირითადი უფლებების და ლიბერალური დემოკრატიის შესახებ ცოდნის გადაცემა, ქართულ კულტურაში არსებული ტოლერანტობის გააზრება და ა.შ. 

ამის გათვალისწინებით, სკოლის მესამე კომპონენტი მოიცავდა შეხვედრას სტუმართან. მესამე კომპონენტის ფარგლებში საზაფხულო სკოლაში ლექცია/შეხვედრები ჩაატარეს სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელმა ბექა მინდიაშვილმა თემაზე: ეთნიკური და რელიგიური ტოლერანტობა; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ლევან გიგინეიშვილმა - „ტოლერანტობა ქართულ კულტურაში“ და ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ დამფუძნებელმა, იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ, რომელმაც წაიკითხა ლექცია თემაზე: „ადამიანის უფლებები“. 

საზაფხულო სკოლის განრიგი მონაწილეთათვის სახალისო, მაგრამ სასწავლო და პრაქტიკულ საშინაო დავალებებს, ფილმის ჩვენებას, სპორტულ და გასართობ აქტივობებსაც ითვალისწინებდა.
სამოქალაქო აქტივიზმის ახალგაზრდული ქსელი * Youth Civic Activism Network
დემოკრატ მესხთა კავშირი, UDM © 2014