დემოკრატ მესხთა კავშირი
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
„ჩვენ ვქმნით ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას წარმატებული სახელმწიფოსთვის“
გიორგი ანდღულაძე, „დემოკრატ მესხთა კავშირის“ ხელმძღვანელი:
,,დემოკრატ მესხთა კავშირი“, როგორც ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია, 1998 წელს შეიქმნა. ორგანიზაცია მუშაობს იმისათვის, რომ რეგიონში მცხოვრებმა თითოეულმა მოქალაქემ იცხოვროს სამართლიან და სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება დაიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, რათა ნებისმიერი მათგანის შესაძლებლობა იყოს რეალიზებული. ამ მიზნის მისაღწევად ,,დემოკრატ მესხთა კავშირი“ ოთხი მიმართულებით მუშაობს:
- მოსახლეობის უფასო სამართლებრივი დახმარება
- სამოქალაქო განათლება
- ეთნიკურ უმცირესობათა ინტეგრაცია
- ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება
სწორედ აღნიშნულ მიმართულებებზეა გათვლილი ორგანიზაციის მიერ შემუშავებული სტრატეგიული გეგმა. თუმცა, მიგვაჩნია, რომ დროსთან ერთად, იცვლება საზოგადოების დამოკიდებულება კონკრეტული საკითხების მიმართ, ჩნდება ახალი ინტერესები, გამოწვევები და პრობლემები. სწორედ ამიტომ, აღნიშნულ მიმართულებებში ცვლილებები არ გამოირიცხება.
,,თავიდან მე და ჩემს გვერდით მყოფ ადამიანებს კარგად არ გვქონდა გათავისებული რა დატვირთვა, მნიშვნელობა შეიძლებოდა ჰქონდა საზოგადოებრივ ორგანიზაციას. თუმცა, თითოეულ ჩვენგანს კარგად გვესმოდა, სამცხე–ჯავახეთში ასეთი ორგანიზაციის ფუნქციონირების საჭიროება. დროთა განმავლობაში, მიღებული ცოდნითა და პრაქტიკული გამოცდილებით, ,,დემოკრატ მესხთა კავშირი“ სრულყოფილ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა და რეგიონის თითოეული მოსახლისთვის უფლებადამცველად იქცა. აქ დასაქმებული ყოველი თანამშრომელი თავის დროზე მხოლოდ პროფესიონალიზმის გამო შეირჩა. მათ კარგად ესმით, რას ნიშნავს იყო უფლებადამცველი ორგანიზაციის წევრი. ,,დემოკრატ მესხთა კავშირი“ ღიაა ყველა დემოკრატიულ ინსტიტუტთან სათანამშრომლოდ. დონორი ორგანიზაციების გარდა, ჩვენ ასევე აქტიურად ვთანამშრომლობთ ადგილობრივ და ქვეყნის მასშტაბით მომუშავე, არასამთავრობო სექტორთან, მედიასაშუალებებთან.
მოგვიანებით ,,დემოკრატ მესხთა კავშირმა“ საკუთარი წარმომადგენლობები ახალქალაქის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებშიც გახსნა, სადაც 2002 წლიდან სრული დატვირთვით მუშაობს.
დაარსების დღიდან ორგანიზაციის ძირითადი მისიაა ეთნიკური მრავალფეროვნებით გამორჩეულ სამცხე–ჯავახეთის რეგონში, ხელი შეუწყოს თითოეული მოქალაქისათვის სამართლებრივი და თანასწორი გარემოს შექმნას. ამ მიმართულებით მუშაობისას ორგანიზაციის ძირითად ფასეულობებს წარმოადგენს:
- საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ძირითადი პრინციპები;
- თითოეული მოქალაქე, როგორც სახელმწიფოსთვის უმთავრესი საზრუნავი და პირიქით სახელმწიფო, რომლის განვითარებაზე ზრუნვა თითოეული მოქალაქეს საკუთარ ვალდებულებად მიაჩნია.
- გახსნილობა, საჯაროობა (თანასწორობა) და ანგარიშვალდებულება;
- სამოქალაქო თანამონაწილეობა და ჩართულობა;
მოსახლეობის უფასო სამართლებრივი დახმარება
მოსახლეობისთვის უფასო (ხელმისაწვდომი) სამართლებრივი დახმარების გაწევა ორგანიზაციის ერთ ერთი პრიორიტეტია, ,,დემოკრატ მესხთა კავშირი“ განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს სოციალურად დაუცველ, დაბალი შემოსავლების მქონე ადამიანებზე, რომლებსაც არ შეუძლიათ ისარგებლონ ადვოკატის ფასიანი მომსახურებით.
რომ არ მოხდეს სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპის დარღვევა, ორგანიზაცია შემდეგი მიმართულებით მუშაობს.
1.1. უფასო იურიდიული კონსულტაცია სხვადასხვა საკითხზე;
1.2. სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე სერთიფიცირებული იურისტის უფასო წარმომადგენლობა სასამართლოში, კერძო და საჯარო სამსახურებში;
1.3. ადვოკატის უფასო მომსახურება სასამართლოში;
1.4. წერილების და განცხადებების მომზადება სხვადასხვა სამსახურებში წარსადგენად;
1.5. ნებისმიერი სახის სარჩელის მომზადება;
1.6. სატელეფონო და on-line კონსულტაცია.
გუარ აკადენიანი, ახალციხე: ,,დემოკრატ მესხთა კავშირი“–ს უფასოიურიდიული დახმარების სამსახურით, მას შემდეგ დავინტერესდი, რაც ახალციხის ფოსტის ხელმძღვანელმა, ჩემი აზრით, სამსახურიდან უკანონოდ გამათავისუფლა. ორგანიზაციის იურისტების კონსულტაციითა და მხარდაჭერით, მე შევძელი ხელფასის სახით კუთვნილი თანხის სამართლებრივი გზით დაბრუნება.
,,დემოკრატ მესხთა კავშირი“–ს დახმარებით საკუთარი პრობლემების მოგვარება თეონა მიქელაძემაც შეძლო. ორგანიზაციის იურისტებთან იურიდიული კონსულტაციის გავლის შემდეგ, ადვოკატების დახმარებით, მან სასამართლოს მიმართა. პროცესზე მის ინტერესებს ,,დემოკრატ მესხთა კავშირი“–ს ადვოკატები იცავდნენ.
სამცხე–ჯავახეთში უფასო იურიდიული კონსულტაციით სარგებლობა ,,დემოკრატ მესხთა კავშირში“ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. დღეისათვის, სამართლებრივი კონსულტაციის მიღება შესაძლებელია სატელეფონო ზარის, ვებ-გვერდზე განთავსებული სკაიპ–კონსულტაციისა და სოციალური ქსელის (Facebook-ის) მეშვეობით.
,,დემოკრატ მესხთა კავშირი“ მუდმივად არის სიახლეებზე ორიენტირებული და ცდილობს ყველა სიახლე (სერვისი) მოარგოსთითოეულ ბენეფიციარს. ეს იმისთვის, რომ მან შეძლოს ნებისმიერი პრობლემის ზედმეტი დაბრკოლებების, ბიუროკრატიის გარეშე, უმოკლეს დროში მოგვარება.
სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა
ორგანიზაციის საქმიანობის კიდევ ერთ მიმართულებას, ახალგაზრდებთან მუშაობა, მათში მოქალაქეობრივი კულტურის ზრდის ხელშეწყობა და ამ კუთხით სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება წარმოადგენს. ორგანიზაციამ აღნიშნული კუთხით პროექტების განხორციელება აქტიურად 2009 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ ,,დემოკრატ მესხთა კავშირი“–ს პროგრამებში სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი, სხვა და სხვა ეთნიკური წარმომავლობის მქონე ახალგაზრდა ერთვება.
ახალგაზრდული პროგრამების კოორდინატორი, ნათია გელაშვილი: ,,ორგანიზაციაში ახალი პროგრამები ყოველ წელს ხორციელდება და შესაბამისად, პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობაც იზრდება. ჩვენთან ახალგაზრდები სწავლობენ რას ნიშნავს სამოქალაქო საზოგადოება და რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის მათ აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას“.
ახალგაზრდული პროგრამების მონაწილე, ქეთი ბალახაშვილი ერთ–ერთია მათ შორის, ვინც სხვა ახალგაზრდებთან ერთად, სხვადასხვა საკითხებზე ტრენინგების გავლის შემდეგ, აქტიურად ჩაერთო მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქებში არსებული პრობლემების გამოვლენასა და ადვოკატირების კამპანიის საკითხებში. პროექტის მიზანსაც სწორედ ეს წარმოადგენდა, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა გამხდარიყო მედიატორი ადგილობრივ თვითმმართველობასა და მოსახლეობას შორის.
ქეთი ბალახაშვილი: ,,ამ პროექტმა დიდი გამოცდილება შემძინა. გავიცანი არაერთი ადამიანი, ვისწავლე როგორ შეიძლება ამა თუ იმ პრობლემის გამოვლენა და შემდეგ მისი მოგვარება, გავხდი ბევრად უფრო გახსნილი და კომუნიკაბელური.
პროექტ „ახალგაზრდული საკრებულო“-ს მონაწილე, ნინო ყავრელიშვილი: ,,პროექტის მეშვეობით კომუნიკაციის მეტი საშუალება მომეცა. შევიძინე თვითპრეზენტაციის უნარი და გავხდი აქტიური. გარდა ამისა, დეტალურად გავერკვიე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობის სტრუქტურაში. ჩვენ თავად გავხდით ინიციატორები თვითმმართველობასთან დაკავშირებული სხვადასხვა აქტუალური პრობლემების გამოვლენა/მოგვარებაში.
,,დემოკრატ მესხთა კავშირი“–ს ახალგაზრდული ჯგუფის წარმომადგენელი ვიქტორია ეგიანი: ,,დემოკრატ მესხთა კავშირში“ მოსვლამდე პასიური ვიყავი და ნაკლებად ვაქცევდი ყურადღებას ჩემს ირგვლივ არსებულ პრობლემებს. თუმცა, მას შემდეგ, რაც გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო პროექტში „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“, აქტიურად ჩავერთე სხვადასხვა სათემო აქტივობებში, გავიცანი და დავუმეგობრდი უამრავ ადამიანს. დღეისათვის მე ბევრად უფრო კომუნიკაბელური და აქტიური ვარ, თამამად შემიძლია საკუთარი აზრის საჭირო დროს დაფიქსირება.
სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ,,დემოკრატ მესხთა კავშირი“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მოქმედ საზოგადოებრივი ორგანიზაციების პარტნიორია.
ზაურ ხალილოვი, სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის ხელმძღვანელი: ,, მსგავსი ტიპის ორგანიზაციები, სამწუხაროდ, საქართველოში იშვიათობაა. წლებია ვიცნობ მათ და თამამად შეიძლება ითქვას, რომ, ნებისმიერ დროს, საქმეს თავს კარგად ართმევენ. შეუძლიათ ვალდებულების აღება და მისი შესრულება. ჩვენ სხვადასხვა რეგიონებში ვსაქმიანობთ, მაგრამ ერთი და იგივე საქმეს ვაკეთებთ. ,,დემოკრატ მესხთა კავშირთან“ მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ თანამშრომლობას.
,,დემოკრატ მესხთა კავშირი“ წლებია თანამშრომლობს საქართველოს გაეროს ასოციაციასთან, რომლის პროექტის „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, ორგანიზაციის ბაზაზე, ახალციხესა და ახალქალაქში ახალგაზრდული ცენტრები ჩამოყალიბდა.
ორივე ცენტრში, ამ დროისათვის, 300–ზე მეტი, 14–22 წლამდე ახალგაზრდაა გაწევრიანებული. ახალგაზრდები ჩართული არიან სხვადასხვა მოხალისეობრივ აქტივობებში, გეგმავენ და ახორციელებენ ღონისძიებებს ისეთი აქტუაუური საკითხების პოპულარიზაციისთვის, როგორიცაა: ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ხელმისაწვდომი განათლება, გარემოს დაცვა და სხვა.
სულ, 2012–2013 წლის განმავლობაში, ახალციხისა და ახალქალაქის ახალგაზრდული ცენტრების მიერ, ორგანიზებული იქნა 200–ზე მეტი ახალგაზრდული, სათემო და მოხალისეობრივი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა ათასობით ახალგაზრდამ მიიღო. ახალგაზრდული პროგრამების განხორციელებისას, ,,დემოკრატ მესხთა კავშირთან“ თანამშრომლობა მოუწია ბათუმში მოქმედ ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ თავმჯდომარეს.
ორგანიზაციის ხელმძღვანელი ასლან ჭანიძე: ,,დემოკრატ მესხთა კავშირის“ მუშაობის შედეგი სახეზეა, რადგან სხვადასხვა პროექტების განხორციელებისას ბევრი ახალგაზრდა პროფესიულად გაიზარდა. მათი დიდი ნაწილი უფრო დიდ და ძლიერ ორგანიზაციებსა თუ უწყებებში გადავიდა სამუშაოდ. მთავარი კი ის არის, რომ ქვეყანაში კონკურენტუნარიანი ახალგაზრდების რიცხვი გამრავლდა.“
საქართველოს გაეროს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ჯუღელი: ,,ჩვენი ორგანიზაცია მრავალი წელია ,,დემოკრატ მესხთა კავშირთან“ თანამშრომლობს. საიმედო, დასაყრდენი და საქმის მცოდნე კადრებით დაკომპლექტებული ორგანიზაციაა. ასეთი ორგანიზაციები, სამწუხაროდ, ბევრი არ არის საქართველოში. ახალციხეში სტუმრობის დროს ყოველთვის საქმიანი გარემო გვხდება, სადაც რეგიონის საჭიროებებზე მორგებული გუნდი მრავალ წარმატებულ პროექტს ახორციელებს“
სამოქალაქო განათლების ხელშეწყობისა და ახალგაზრდების ჩართულობის სფეროში ორგანიზაცია შემდეგი მიმართულებებით მუშაობს.
- ტრენინგების ორგანიზება
- საჯარო დისკუსიების მოწყობა;
- დებატ-კლუბების ორგანიზება;
- სამოქალაქო ცნობიერების ასამაღლებლად საჯარო ღონისძიებების ორგანიზება.
ადგილობრივი თვითმმართველობის გამჭვირვალე საქმიანობა და მასში მოსახლეობის აქტიური ჩართულობა
,,საზოგადოებასა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის ,,დემოკრატ მესხთა კავშირი“ ყოველთვის ასრულებს მედიატორის როლს. ორგანიზაციის საქმიანობის ერთერთი მიმართულება ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებაა.
თვითმმართველობის პროგრამების კოორდინატორი ჯაბა ნათენაძე: „სამცხე–ჯავახეთში ჩვენი ორგანიზაცია ერთ–ერთი პირველია, რომელიც მუდმივად უკეთებს ორგანიზებას მოსახლეობასა და მთავრობას შორის საინფორმაციო შეხვედრებს. დისკუსიები იმ თემებზე ეწყობა, რომლებიც მოსახლეობას აინტერესებს. იქნება ეს – ბიუჯეტის პროექტი, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ და ა.შ. გარდა ამისა, ჩვენს მიერ ხდება საზოგადოებრივი აზრის, თვითმმართველი ორგანოების მიმართ დამოკიდებულების კვლევა და შედეგების ორივე მხარისათვის გაცნობა, გამოვლენილი პრობლემების ირგვლივ ადვოკატირების კამპანიის ორგანიზება.
ორგანიზაციის მიზანია რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩართოს ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მიზნის მისაღწევად ,,დემოკრატ მესხთა კავშირი“ ხუთი ძირითადი მიმართულებით საქმიანობს.
- კანონმდებლობის დახვეწასა და სრულყოფაში მონაწილეობა;
- მოსახლეობის ინფორმირება თვითმმართველობისა და თვითმმართველობაში მიმდინარე პროცესების შესახებ;
- საჯარო შეხვედრების და დისკუსიების ორგანიზება თვითმმართველობის თემებზე;
- ადგილობრივ თვითმმართველობაში მოსახლეობის ჩართულობის ხელშეწყობა;
- ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის მონიტორინგი.
ამ მხრივ დემოკრატ მესხთა კავშირი რეგიონში მომუშავე ერთ-ერთი პირველი არასამთავრობო ორგანიზაციაა.
სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე კოტე კანდელაკი: ,,დემოკრატ მესხთა კავშირთან“ მრავალი წელია ვთანამშრომლობთ. ვახორციელებთ ერთობლივ პროექტებს, ვფიქრობ, რომ ერთ–ერთი აქტიური ორგანიზაციაა და კარგად ესმით ის საჭიროებები, რომელიც რეგიონში დგას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ჰყავთ წარმომადგენლობა. ჩვენი ორგანიზაცია მომავალშიც აპირებს თანამშრომლობას და იმედია, ბევრი საერთო პროექტი გვექნება“.
ეთნიკურ უმცირესობათა ინტეგრაცია
სამცხე-ჯავახეთი მოსახლეობის ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნებით საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონია. გამომდინარე აქედან, უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრირების საკითხი რეგიონში მუდმივად დგას. შესაბამისად, გარდა იმისა, რომ ,,დემოკრატ მესხთა კავშირი“ ამ საკითხებზე აქტიურად მუშაობს, პარალელურად იგი მუდმივად თანამშრომლობს რეგიონის ფარგლებს გარეთ მომუშავე მსგავსი პროფილის მქონე ორგანიზაციებთან. მათ შორის არის სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭო, რომელიც 2005 წელს დაფუძნდა და მასში ათეულობით ორგანიზაციაა გაერთიანებული.
სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს ხელმძღვანელი კობა ჩოფლიანი: ,,ეროვნული და რელიგიური უმცირესობების პრობლემების გადასაჭრელად სამცხე–ჯავახეთს ხშირად ვსტუმრობდით. ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით უმცირესობების საბჭოს ადგილზე, როგორც კონკრეტულ მოქალაქეებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობაში, ყოველთვის მნიშვნელოვან დახმარებას, ,,დემოკრატ მესხთა კავშირი“ უწევდა. ეს ხდებოდა მაშინ, როცა სახალხო დამცველს რეგიონში თავისი წარმომადგენლობა არ ჰყავდა. მაშინ, ეს ფაქტი, ჩვენთვის ფასდაუდებელი დახმარება იყო. პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებულმა, ჯანსაღი იდეების გენერატორმა ორგანიზაციამ, სამცხე–ჯავახეთში ბევრი ისეთი პროექტი განახორციელა, რომელმაც ხელი შეუწყო ეთნოსთა შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას, რეგიონში შესაძლო კონფლიქტების თავიდან აცილებას, მოსახლეობის დასაქმებას, ადამიანის უფლებების დაცვას, სამოქალაქო ინტეგრაციასა და მედიის განვითარებას“.
სახალხო დამცველთან არსებული რელიგიურ უმცირესობათა საბჭოს ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი: უმცირესობათა საბჭო რეგულარულად ატარებს შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგს. საბჭოს წევრებისგან დაკომპლექტებული მონიტორინგის ჯგუფი საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილს სამცხე–ჯავახეთში ახორციელებს. ჯგუფის წევრები იმ პერიოდს იხსენებენ, როცა საჯარო მოხელეები, ძალოვანი უწყების წარმომადგენლები თუ განათლების სფეროში მომუშავე ადამიანები თავს არიდებდნენ მონიტორინგის ჯგუფის წევრებთან შეხვედრას, წინააღმდეგ შემთხვევაში ითხოვდნენ ნებართვას სხვადასხვა სამინისტროებიდან. ,,დამატებითი ბიუროკრატიული წინაღობების თავიდან აცილებაში, სამცხე–ჯავახეთში, დიდ დახმარებას ,,დემოკრატ მესხთა კავშირი“ გვიწევდა, რომლის მუშაობის შედეგად შესაძლებლობა გვქონდა ნებისმიერ პრობლემაზე ღიად გვესაუბრა – იქნებოდა ეს ადამიანის უფლებების დაცვა, სამოქალაქო ინტეგრაცია თუ კონკრეტული სახელმწიფო პროგრამების განხორციელება“
,,დემოკრატ მესხთა კავშირი“ ასევე აქტიურად თანამშრომლობს ,,ეთნოსთა შორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკურ ცენტრთან“. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ნებისმიერ ინიციატივასა თუ პროექტს, რომლის განხორციელებასაც სამცხე–ჯავახეთში გადაწყვეტენ პარტნიორად ყოველთვის ,,დემოკრატ მესხთა კავშირს“ მოიაზრებენ.
ცენტრის ხელმძღვანელი აგიტ მირზოევი: ,,თანამშრომლობის მრავალწლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ეს ორგანიზაცია სანდო პარტნიორია. სამოქალაქო განათლება, არჩევნების მონიტორინგი, ამომრჩეველთა ინფორმირება და საზოგადოებრივი კვალიფიკაციის ამაღლება – ეს ის საკითხებია, რომელზეც ყოველთვის ვმუშაობთ ამ ორგანიზაციასთან. წლებმა და გამოცდილებამ მოიტანა ის, რომ ჩვენი ორგანიზაციული პარტნიორობიდან მეგობრობამდე მივედით, ორგანიზაცია არის პროფესიონალურად მართვადი გუნდი, ორგანიზაციის წარმომადგენლები ითვალისწინებენ არსებული ბაზრის მოთხოვნებს და ფიქრობენ არსებული რესურსით რისი გაკეთება შეიძლება. ,,რა არის პროექტი?! პროექტი ინსტრუმენტია და როდესაც მას ჩავიფიქრებთ, უკვე ვიცით, რომ სამცხე–ჯავახეთში გვყავს პარტნიორი, რომელიც რა სახის სეგმენტითაც არ უნდა იყოს წარმოდგენილი, ყოველთვის ღირსეულ თანამშრომლობას გაგვიწევს“.
,,დემოკრატ მესხთა კავშირში“ აცნობიერებენ, რომ ინტეგრაცია ორმხრივი პროცესია, ამიტომ აქცენტი მხოლოდ უმცირესობების ჯგუფებზე ვერ გაკეთდება. მნიშვნელოვანია უმრავლესობას გააჩნდეს მიმღებლობის საკმარისი ხარისხი. ,,ამიტომ ამ სტრატეგიული მიმართულების ჩარჩოში ვმუშაობთ, როგორც რეგიონში მცხოვრებ უმცირესობათა ჯგუფებზე, ასევე უმრავლესობასთან. ჩვენი მიზანია საქართველოში მაცხოვრებელმა თითოეულმა ადამიანმა მიუხედავად ეთნიკური კუთვნილებისა თავი იგრძნოს ქვეყნის სრულფასოვან მოქალაქედ“ .
ეთნიკურ უმცირესობათა ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის ორგანიზაციაში ოთხი ძირითადი მიმართულებით მუშაობენ:
- საგანმანათლებლო პროგრამები
- დახმარება უფლებების დაცვის სფეროში (მოცემულ შემთხვევაში მიზნობრივი ჯგუფი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები არიან)
- საჯარო დისკუსიები;
- კულტურათა შორის დიალოგი (ეროვნული დღესასწაულები, ღონისძიებები)
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის, ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს" (სოროსისფონდი), ევროკავშირის დელეგაციის, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის" (IFES), ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ფონდი ჰორიზონტის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და საქართველოს მთავრობას გერმანიაში, ეს იმ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების არასრული ჩამონათვალია, რომელთანაც ,,დემოკრატ მესხთა კავშირი“ მრავალი წელია თანამშრომლობს.
დემოკრატ მესხთა კავშირში © 2014