ბავშვთა საერთაშორისო დღე
ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დემოკრატ მესხთა კავშირის, ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის წევრების ინიციატივით პრეზენტაცია გაიმართა, რა დროსაც მონაწილეები აღნიშნული დღის ისტორიას და ამ კუთხით, საქართველოში არსებულ მდგომარებას გაეცვნენ.
ბავშვთა საერთაშორისო დღე 1954 წლიდან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეკომენდაციით, ყოველი წლის 20 ნოემბერს აღინიშნება, როგორც ბავშვთა შორის ურთიერთგაგებისა და ბავშვთა კეთილდღეობის ხელშემწყობი აქტივობების მხარდაჭერის დღე. აქვე აღსანიშნავია, რომ 1989 წლის 20 ნოემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო კონვენცია ბავშვთა უფლებების შესახებ.
„ბავშვის უფლებების კონვენცია“ ასახავს ყველა იმ უფლებასა და თავისუფლებას, რომლითაც უნდა სარგებლობდეს ნებისმიერი ბავშვი გამონაკლისის გარეშე. კონვენციაზე ხელმომწერი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველოც, აღიარებენ რომ „ყოველი ბავშვი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი თუ სოციალური განვითარებისათვის“. ხელმომწერი ქვეყნები იღებენ ვალდებულებას, რომ „უზრუნველყოფენ ბავშვის სიცოცხლის შენარჩუნებას და ჯანსაღ განვითარებას“.
ღონისძიება დაიგეგმა პროექტ ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია UN Association of Georgia აშშ-ს განვითარების სააგენტოს (USAID/Georgia ) ფინანსური მხარდაჭერით.
პრეზენტაციის შემდეგ მონაწილეები ქალაქ ახალციხეში არსებულ ახალციხის N7 საჯარო სკოლა -ს ესტუმრნენ და მის მშვენიერ ბინადრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.